გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა 22 დეკემბერს უნდა წარმოთქვას
გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა 22 დეკემბერს უნდა წარმოთქვას

მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს.

მან საქმის მასალების გასაცნობად ერთთვიანი ვადა მოითხოვა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი და სასამართლოს სთხოვა ადვოკატისთვის მტკიცებულებების გასაცნობად ერთი კვირა მიეცა. მიზეზად გამოკვლეული მტკიცებულებების სიმცირე დაასახელა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გუშინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დაქირავებულმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმის განხილვაში აღარ იქნებიან ჩართულები. ეს გადაწყვეტილება თავად მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

სხდომაზე ადვოკატებს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ უნდა გასულიყო.

გირგვლიანის საქმის ამ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 24 ნოემბერს, ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან და პატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში გირგვლიანის საქმეზე არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიეცა. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ვანო მერაბიშვილის მიმართ და უფლებამოსილების გადამეტებისთვის მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2006 წელს გასამართლებულთათვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნაში სასამართლომ ბაჩანა ახალაია ამხილა. დაუსწრებლად წარედგინა ბრალი გერონტი ალანიას. საპატიმრო დაწესებულებაში ორი წელი გაატარა დავით ქოქიაშვილმა, რომელიც იმ მანქანას მართავდა, რომლითაც გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანაში აღმოჩნდნენ.

პასუხისგებაში მიეცა ოლეგ მელნიკოვი, რომელიც პირველი იყო, ვინც შინაგან საქმეთა და იუსტიციის ყოფილი მინისტრები და ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ამხილა.