მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატს - სხდომას 25 დეკემბერს დავნიშნავ და იმედია, ოროსანი ბავშვივით აღარ ადგებით
მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატს - სხდომას 25 დეკემბერს დავნიშნავ და იმედია, ოროსანი ბავშვივით აღარ ადგებით

„საქმის სირთულის თქვენეულ განმარტებას ვერ დავეთანხმები, ფაქტია, რომ თქვენ დღეს მოუმზადებელი მოხვედით, როცა ამაზე ვრცელი საქმე გეწერებათ აღკვეთ ღონისძიებაზე, მაშინ დაუცველი გრჩებათ დასაცავი“, – ასე უპასუხა მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატს სოფიო გოგლიჩიძეს, რომელმაც სასამართლო პროცესის გადადება 15 იანვრამდე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ადვოკატის განმარტებით, მიცემული დრო არ იყო საკმარისი, გაცნობოდა საქმის მასალებს და მოემზადებინა დასკვნითი სიტყვა.

როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, საქმე იყო რთული. მოსამართლის შეკითხვაზე, განემარტა, რას გულისხმობდა საქმის სირთულეში, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მასალები იყო ბევრი და ასევე ვერ მოახერხა ბრალდებულთან კომუნიკაცია.

სახელმწიფო ბრალდება პროცესის შეგნებულად გაჭიანურებაზე საუბრობს.

მოსამართლემ სხდომა 25 დეკემბერს დანიშნა და სააკაშვილის სახაზინო ადვოკატს მიმართა: „იმედია, ოროსანი ბავშვივით აღარ ადგებით“.

სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც 13 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაქირავებული ადვოკატების აცილება მოითხოვა.

 

საუბარია, სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე, სადაც მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ამავე საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებას ედავებიან.