ანზორ ჩუბინიძემ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა
ანზორ ჩუბინიძემ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ საკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

როგორც დღევანდელ პროცესზე ანზორ ჩუბინიძემ აღნიშნა, თანხების გაფლანგვის ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს, რა დროსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა არ ეკავა და ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით არანაირი შეხება არ ჰქონია.

ამასთან, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არის სასამართლოში გამოძახებული, როგორც დაცვის მხარის მოწმე.

„მე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან ვმუშაობ. საჯარო წყაროებიდან ჩემთვის ცნობილია მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მილიონობით ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი, ეს ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა.

მე გამოძახებული ვარ, როგორც დაცვის მხარის მოწმე. მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე. მე ვფიქრობ, რომ თავად ბრალდებულები და მისი ადვოკატები გაცილებით კომპეტენტურები არიან და გაცილებით კარგად წარმოადგენენ, თუ რატომ და რისთვის იხარჯებოდა ეს თანხები. ასე რომ, მე უნდა დავადასტურო, რომ 2009-2013 წლებამდე არანაირი შეხება ამასთან დაკავშირებით არ მქონია და არ მაქვს. ასევე, მინდა, განვმარტო, საჯაროდ არის ცნობილი, რომ გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როცა უკვე მე ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი. მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება, არანაირი შეხება არ მაქვს. შესაბამისად, დღეს ჩემ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და გნებავთ, დაფიქსირებული პოზიცია შესაძლებელია, ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში. ამასთან დაკავშირებით, მინდა, ვისარგებლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით, რომელიც მაძლევს საშუალებას, უარი განვაცხადო ჩვენებაზე სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიასა და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.