მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გადაისინჯა.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.