მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში შეიყვანეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ამასთან, ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზი ცოტა ხნის წინ დაატოვებინეს.
მედია დარბაზში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ შორის იყო პირველი არხის გადამღები ჯგუფიც.
მედიის წარმომადგენლები სასამართლოს შენობაში რჩებიან.
როგორც ცნობილია, უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლონ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში მოხდა.
სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).