უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პეჩორის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ლუცენკოს თქმით, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

„სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადავეცით. ამის მიუხედავად, ის გაათავისუფლეს. ემოციებისგან თავს შევიკავებ, დაველოდოთ აპელაციას“, – განაცხადა ლუცენკომ.

კიევის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ გაითვალისწინა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან რადას დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ბრალდების მხარეს ხუთდღიანი ვადა აქვს.

გადაწყვეტილების სრული ტექსტი 14 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოცხადდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს.