მიხეილ სააკაშვილი – ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს არასამოსამართლე წევრების კანდიდატურების კენჭისყრის საკითხს ეხმაურება.
„ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.