მიხეილ რამიშვილი - თუ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე ხელის შეშლას ექნება ადგილი, ეს ნათლად გამოაჩენს, რომ საპატრიარქოში არიან პირები, რომელთა მიზანია, დეკანოზის შეწყალება არ მოხდეს
თუ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე ხელის შეშლას ექნება ადგილი, ეს ნათლად გამოაჩენს, რომ საპატრიარქოში არიან პირები, რომელთა მიზანია, დეკანოზის შეწყალება არ მოხდეს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
„ყველასთვის ცნობილია, რომ მღვდელმთავრები აკეთებენ განცხადებას, თუ რატომ არ ხდება დეკანოზის შეწყალება, გარკვეულ მღვდელმთავრებზე მაქვს საუბარი, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპატრიარქოში, მერე, ასე ვთქვათ, რაღაც კონსენსუსს მიაღწიეს. რაც შეეხება, რატომ ჭიანურდება, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ისევ და ისევ ამყარებს იმ სიტუაციას, რომ არიან გარკვეული პირები საპატრიარქოში, რომლებსაც ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვს პრეზიდენტთან და ხელისუფლებასთან და რომელთა მიზანი არის, დეკანოზის შეწყალება არ მოხდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება არის პრეზიდენტის, ჩემი შეხედულებით, თუ სურვილი ექნება პრეზიდენტს, მოხდება შეწყალება და თუ ხელის შეშლის ფაქტორი იქნება, ეს უკვე ნათლად გამოაჩენს იმ რეალურ სურათს, რომ ეს არის მიზანმიმართული, რათა დეკანოზის თავისუფლებაში გამოსვლა არ მოხდეს და ის შედეგი მიიღონ გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ჩართული ამ ბინძურ საქმეში“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან იშუამდგომლებს. ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) დღეს ჟურნალისტებს განუცხადა: „მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს“.