მიხეილ რამიშვილი - ჩვენი პრიორიტეტია ევროინტეგრაცია, არა სიტყვით, არამედ საქმით
მიხეილ რამიშვილი - ჩვენი პრიორიტეტია ევროინტეგრაცია, არა სიტყვით, არამედ საქმით

პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტია ევროინტეგრაცია, არა სიტყვით, არამედ საქმით, და იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც დღეს ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, – განაცხადა პარტიის „ჩვენ“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ რამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“.

მიხეილ რამიშვილმა პარტიის „ჩვენ“ პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელია არა კლანური მმართველობა, არამედ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება ხალხთან, დაუსჯელობის სინდრომის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა, რესურსების სწორი გადანაწილება, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, სოფლის მეურნეობის განვითარება, რაიონებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენების საშუალების მიცემა და ა.შ.

რამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ, როგორც წესი, ამომრჩეველთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი არჩევნები სრულდება, ხელისუფლებასა და ამომრჩეველს შორის ერთი დიდი ბარიერი ჩნდება, რაც დაუშვებელია.

„დიახაც, ვინც მე ამირჩია და ლეგიტიმაციას და უფლებას მაძლევს, მასთან არ შეიძლება კომუნიკაციის გაწყვეტა. დიახაც, მას უნდა მოუსმინო“, – განაცხადა რამიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს ან ვისთან კომუნიკაცია იქნება მისთვის მიუღებელი და წითელი ხაზი კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, თუ საარჩევნო შედეგებით ეს საკითხი დადგება, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პარტიისთვის „ჩვენ“ წითელი ხაზი იქნება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც არ იცავს პრინციპებს, რაც ქართულ სახელმწიფოს სჭირდება.

„ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ამაზე არ იქნება პრობლემა. ეს უკვე ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული, რა მოცულობით და რა პროცენტულ ნდობას გამოგვიცხადებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იმ მხარეზე, სადაც იქნება საშიშროება, რომ ნებისმიერი პიროვნების თუ მთავრობის მიერ საფრთხე დაემუქრება როგორც საქართველოს ერთიანობას, ასევე ნებისმიერი ადამიანის უფლებას და თავისუფლებას“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.