მიხეილ ხიდურელი - ლონდონში წარვადგინეთ საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე MRO Europe 2022 საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და გამოფენის მონაწილეებს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
კვლევის მიხედვით, საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია.
„აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას უცხოელი ინვესტორებისთვის და თვიდან თვემდე სულ უფრო ხელშესახები შედეგები გვაქვს. ამჯერად, გამოფენაზე წარვადგინეთ საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საინვესტიციო პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რაც Frost & Sullivan-ის კვლევამაც დაადასტურა“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
MRO Europe ევროპაში ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა რომელიც ავიაციის მომსახურების, ნაწილების წარმოების, ავიახაზების წარმომადგენლებისა და ექსპერტებს უყრის თავს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მენეჯერული და გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას 7000-მდე მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო.
ინფორმაციას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრესსამსახური ავრცელებს.