მიხეილ ხიდურელი - 2019 წელს დაგეგმილი მიკროგრანტების პროგრამა მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი
მიხეილ ხიდურელი - 2019 წელს დაგეგმილი მიკროგრანტების პროგრამა მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი

2019 წელს დაგეგმილი მიკროგრანტების პროგრამა მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი, – ამის შესახებ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა.

მისი განმარტებით, პროგრამაში დამატებულია ისეთი მექანიზმი, როგორიცაა კლასტერინგის დამატებითი ქულა, რომელიც მეწარმეებს დაანახებს, რომ ისინი ერთმანეთის არა კონკურენტები, არამედ პარტნიორები შეიძლება იყვნენ.

„ჩვენი ხედვით, 2019 წელს რა მიკროგრანტების პროგრამასაც ვგეგმავთ, არის მნიშვნელოვნად სახეცვლილი და გამოსწორებულია ის ხარვეზები, რაც წინა წლებში იყო. დამატებულია საინტერესო მექანიზმები, მაგალითად, კლასტერინგის დამატებითი ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე პარტნიორის შემთხვევაში თუ ბიზნესები იტყვიან, რომ ერთმანეთთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე აკეთებენ სხვადასხვა ტიპის ბიზნესს, რაც ჯამში ქმნის კლასტერს, მიენიჭებათ დამატებითი ქულა. ამით, ვფიქრობთ, რომ ჩვენ მეწარმეებს დავანახებთ იმას, რომ ისინი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან, ისინი ერთმანეთის პარტნიორები შეიძლება იყვნენ.

ამჟამად ხორციელდება რამდენიმე დონორთან ერთად რეგიონების კვლევა, რა რეგიონს რა ბიზნესის მეტი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ახალი მიკროგრანტების პროგრამაში იქნება ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული, იქნება უკეთესი, ვიდრე ძველი.

ზოგადად, არ არის ცუდი პრიორიტეტების გადახედვა, ვინაიდან პრიორიტეტები ქვეყანაში წლიდან წლამდე იცვლება“,- განაცხადა ხიდურელმა.

მისივე თქმით, აღარ ეყოლებათ შუამავალი რგოლი მეწარმეებთან.

„აღარ გვეყოლება შუამავალი რგოლი მეწარმეებთან იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას აკეთებენ ჩვენი მეწარმეები. დამატებითი რგოლი აბსოლუტურად ზედმეტი მგონია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად მოხდება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელიც რეკომენდებულები იქნებიან დონორების მიერ. ბიზნესგეგმის შემოწმებაში სააგენტო არ მიიღებს მონაწილეობას, სააგენტოს ექნება მონიტორინგის და ადმინისტირების როლი“, – განაცხადა ხიდურელმა.