მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. დღესვე გახდება ცნობილი, რა პოზიცია ექნება პროკურატურას მიხეილ კალანდიას ადვოკატის მიერ გუშინდელ სხდომაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე. ადვოკატმა ზურაბ თოდუამ უზენაესი სასამართლოდან გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენის გამოთხოვის შუამდგომლობა დააყენა.
„დავაყენე შუამდგომლობა, მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე სხდომის ოქმთან ერთად. პროკურორმა რატომღაც მოსაფიქრებლად ითხოვა დრო და სავარაუდოდ ითათბირეს გენერალურ პროკურატურაში და დღეს იტყვიან მიღებულ გადაწყვეტილებას, დამეთანხმონ თუ არა, რომ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეს დაერთოს უზენაეს სასამართლოში მართლაც სამარცხვინოდ დამტკიცებული განაჩენი“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს მიხეილ კალანდიას ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, გუშინდელ სხდომაზე დაკითხული 51-ე სკოლის მოსწავლის ჩვენებამ დაადასტურა, რომ გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე იძლევიან ცრუ ჩვენებას.
„გუშინ გამოკითხულმა მოწმემ, რომელიც არის დაღუპულის კლასელი, სასამართლოს მიაწოდა არაჩვეულებრივი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ იტყუებოდა ჯანაშია და ბარბაქაძე, როდესაც ისინი აძლევდნენ ამ სასამართლოს ჩვენებას. კერძოდ, ის ადგილი, რომელზეც ისინი ამბობდნენ, რომ დაინახეს, კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა, იქ არავინ მდგარა. იქ იდგა გუშინდელი მოწმე და კალანდიას ხელში არაფერი არ დაუნახავს. აქედან გამომდინარე, ორივე მოწმე ცრუ ჩვენებას იძლევა, საუბარია ჯანაშიასა და ბარბაქაძეზე. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე დღეში, ამ ცრუ ჩვენებისთვის დავაყენო გენერალური პროკურატურა ფაქტის წინაშე და მოვითხოვო ამ ორივე მოწმის მიმართ სათანადო ზომების გატარება“, – განაცხადა თოდუამ.
შეგახსენებთ, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა.
მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.