მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენს სააპელაციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს.
მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, თავისუფალი სასამართლოს პირობებში მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრალდების პოზიციას არ დააკმაყოფილებს და მისი შეფასებით, უკანონო განაჩენს ძალაში დატოვებს, ეს იქნება პრეცედენტი, როცა მოსამართლე მის რეალურ ფუნქციას არ ასრულებს.
„დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენი სააპელაციო საჩივრის თაობაზე. ფაქტობრივად, უპრეცენდენტო გადაწყვეტილების მოლოდინში ვიმყოფებით, რამეთუ, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს ბრალდების პოზიციას და ძალაში დატოვებს უკანონო განაჩენს, ეს იქნება პრეცედენტი, სააპელაციო სასამართლოს დონეზე დადგინდება, რომ მოსამართლეს შეუძლია, სასამართლო სხდომებზე მხოლოდ ფორმალურად იმყოფებოდეს და არ შეასრულოს მოსამართლის ფუნქცია. თუ ჩვენს სააპელაციო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში ქართული სასამართლო სინამდვილის პერსპექტივა ექნება იმ ნაწილში და ნათლად იქნება სურათი დადებული იმის თაობაზე, თუ როგორი არ უნდა იყოს პირველი ინსტანციის მოსამართლე მაინც. მოსამართლე უნდა იყოს თავის ფუნქციაში, უნდა უსმენდეს მხარეებს და მხოლოდ მათი მოსმენის შემდეგ უნდა მიიღოს საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რასაც კალანდიას შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ჩვენ დიდი მოლოდინები არ გვაქს, რამეთუ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოახდინა გავლენა პირველ ინსტანციაში, იმავეს გაიმეორებს სააპელაციო სტადიაზეც. ჩვენ ფორმალურად უნდა გავიაროთ ყველა შიდა სამართლებრივი საშულებები, გავიაროთ საკასაციო ინსტანცია და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. ჩვენი სარჩელი მოიცავს, რომ მოსამართლე მარსაგიშვილის განჩინება გაუქმდეს, რადგან ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, იგი ემყარება მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებას, ესენი არიან გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე, რომლებმაც ეს ჩვენებები მისცეს სასამართლოს და სანაცვლოდ მიიღეს საპროცესო შეთანხმებები, რითაც თავიანთი მდგომარეობები გაიუმჯობესეს მათ მიერ შერაცხული ბრალის ირგვლივ“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და სამი თვე შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.