მიხეილ კალანდიას ოჯახი სასამართლო სხდომების ნაწილობრივ გახსნას ითხოვს
მიხეილ კალანდიას ოჯახი სასამართლო სხდომების ნაწილობრივ გახსნას ითხოვს

მიხეილ კალანდიას ოჯახი და ადვოკატი სასამართლო სხდომების ნაწილობრივ გახსნას ითხოვენ.

დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ 24 ივლისს მიმართა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, რაც საქმის მოსამართლემ დააკმაყოფილა.

„გასულ სხდომაზე არ შეუცვალეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. ეს ვნახეთ ყველამ, არც ველოდებით სხვა რამეს, უდანაშაულოა დაჭერილი და რაც გადაწყვიტეს, იმას ბოლომდე გააკეთებენ. დღეს ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ პროცესები იყოს ღია და საზოგადოებამ ნახოს, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ პროცესის დაწყებამდე.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა განაცხადა, დღეს დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

„დღეს დაცვის მხარე იტყვის შესავალ სიტყვას და ასევე მივუთითებთ სასამართლოს იმ მტკიცებულებებზე, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდება. გვსურს, რომ სხდომები ნაწილობრივ საჯარო იყოს. მოცულობითი საქმიდან 3-4 ფურცელია მხოლოდ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით რელევანტური და აქედანაც არაფერია მის წინააღმდეგ“, – განაცხადა ადვოკატმა.