მიხეილ კალანდიას ადვოკატი - შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია დესტაბილიზაცია
შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ ჟურნალისტებთან დგანაცხადა.
ადვოკატის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოყენება ხდება „ვიწრო მერკანტილური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად“.
„ჯერ კიდევ არიან ამ საქმის უკან მდგომი ისეთი ძალები, ვისაც აინტერესებს დესტაბილიზაცია და ჭეშმარიტების არდადგენა აღნიშნულ საქმეზე. აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ შეეშვან ზაზა სარალიძეს ის პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არის დესტაბილიზაცია და ამ საქმის გამოყენება მათი ვიწრო მერკანტილური, პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
მიხეილ კალანდიას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება მიხეილ კალანდიას მამას, თენგიზ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მირზა სუბელიანის შვილი იკითხებოდა. მოწმის დაკითხვის დროს ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას მიმართა, რომ „მოწმის ჩვენება საკმარისია მისთვის“ და დარბაზი დატოვა. ზაზა სარალიძის ქმედებას დარბაზში მყოფი თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას უკმაყოფილება მოჰყვა.