მიხეილ ჯანელიძე- „სითი პარკის" საქმეში პოლიტიკური კონტექსტი გამორიცხულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „სითი პარკის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური კონტექსტი სრულიად გამორიცხულია.მისივე თქმით, საინვესტიციო გარემოს კუთხით, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ქვეყანაში კერძო საკუთრება დაცულია და კონტრაქტების აღსრულება დაუბრკოლებლად ხორციელდება.
,,საქართველო დღეს საინვესტიციოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. პრემიერ-მინისტრმა გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების რეკორდულ მაჩვენებელზე ისაუბრა, რაც 2016 წელთან შედარებით, 260 მილიონი აშშ დოლარით მეტია. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. დღეს ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს საინვესტიციო გარემოს მიხედვით, მათ შორის კონტრაქტების აღსრულების და კერძო საკუთრების დაცვის კუთხით”,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ დავის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა კანონის და შეთანხმების ფარგლებში იმოქმედებს.
„მოგეხსენებათ, რომ 2012 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველომ კერძო საკუთრების დაცვის კუთხით 74 პოზიციით გაიუმჯობესა ადგილი, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია თითოეული უცხოელი ინვესტორი და კომპანია, რომელიც საქართველოში სახელშეკრულებო ვალდებულების და კანონმდებლობის მიხედვით მოღვაწეობს. თუ არსებობს დავა, ეს გადაწყდება კანონის, შეთანხმების და ხელშეკრულების შესაბამისად. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში პოლიტიკური კონტექსტი გამორიცხულია”,-განაცხადა მან.
დღეს კომპანია „სითი პარკის” მფლობელებმა განცხადება გაავრცელეს და თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.