მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები და მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ
მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები და მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები და მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ წილკანში განაცხადა. ჯანელიძემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ეს არის ჩვენი კიდევ ერთი უდიდესი ტკივილი, რომელიც არის ოკუპაციის შედეგი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოები და მთელი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ასევე დასრულდეს ოკუპაცია და ასეთი ტკივილი აღარ მიადგეს საქართველოსა და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

წილაკნში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.