მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ნაბიჯი ოკუპირებული რეგიონების მაქსიმალურ დაქვემდებარებას ემსახურება
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ნაბიჯი ოკუპირებული რეგიონების მაქსიმალურ დაქვემდებარებას ემსახურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის შემადგენლობაში გადასვლა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ხელშეკრულება, რომელზეც გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მიიღო და უკავშირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას, რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯია, რომელიც ყველა საერთაშორისო ნორმას, პრინციპს და რუსეთის მიერ ნაკისრ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას ეწინააღმდეგება. ეს ნაბიჯი ოკუპირებული რეგიონების მაქსიმალურ დაქვემდებარებას და კონტროლს ემსახურება. ეს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, მას ვერანაირი სამართლებრივი სტატუსი ვერ ექნება, მაგრამ ეს სამწუხაროდ, რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა. ჩვენ ამ ნაბიჯებს ვგმობთ და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ამ კონკრეტულ ნაბიჯს შესაბამისი შეფასება მისცეს. ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ჯანელიძემ.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარების რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში შესვლის დღის წესრიგი მოიწონა.