მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმის შესახებ პრეზიდენტის ხედვაზე ჩვენი სამინისტრო არ არის ინფორმირებული
რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმის შესახებ პრეზიდენტის ხედვაზე ჩვენი სამინისტრო არ არის ინფორმირებული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ცნობილი, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ჩვენი განცხადება ამაზე. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს შესაბამისი გარემოებები.
რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტის განცხადებას, ამ თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ინფორმირებული და კონკრეტულად, პრეზიდენტის ხედვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს“, – განუცხადა პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც დანიის სამეფოში ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.
რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.