სოფო კილაძე - არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესს დააზიანებს
სოფო კილაძე - არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესს დააზიანებს

ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ რუსეთთან დიალოგთან დაკავშირებით დასმული კითხვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესია დეოკუპაცია.

„ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენი ქვეყნის ინტერესი არის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ინტერესი არის დასავლურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი გაწევრიანება და დასავლური ღირებულებების კიდევ უფრო მეტად შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტში დღეს ფრაქცია  „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე დეპუტატმა, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ „საჭიროა დიალოგი მოსკოვთან, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რაც კრემლის გარეშე არ გამოვა“.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთთან არსებული ფორმატების ამოწურვამდე სხვა ფორმატებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, პირდაპირი კავშირები კი, ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს.