საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს დღეების დაწყებისამდი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლებს და ნატო-ს დღეებს გახსნის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატო-ს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მიხეილ ჯანელიძე სიტყვით მიმართავს მოწვეულ სტუმრებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში ნატო-ს დღეების გამართვის მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერის ხელშეწყობას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგებიან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მაგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი.
აღსანიშანვია, რომ წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
წელს, ნატო-ს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან პირველ მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.