მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ს დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების შესახებ
მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ს დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების შესახებ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს დღეების დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა. მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ნატო-ს დღეების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატო-ს დღეების მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. მინისტრის განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნა ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე, რომელიც ორიენტირებულია, მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, ქვეყნის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაზე, ხოლო ქვეყნის გარეთ კომუნიკაციის გაძლიერებაზე ნატო-სა და მის წევრ სახელმწიფოებთან.

„ჩვენი მოქალაქეები ნატო-საქართველოს აქტიური და დინამიური ურთიერთობების შესახებ კარგად არიან ინფორმირებული. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატო-ში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ, როგორც ასპირანტმა სახელმწიფომ, აქტიური და დინამიური ინტეგრაციული პროცესი გაიარა, რაც გამოიხატა მრავალ ყოვლისმომცველ რეფორმაში.   გატარებული ინსტიტუციური რეფორმების წყალობით, საქართველო უპრეცედენტოდ დაუახლოვდა დასავლურ ევროატლანტიკურ სტანდარტებს.  თავად ალიანსის წევრებიც ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ნატო-ს წლევანდელი სამიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს, საქართველო სამიტის ყველა სათანადო ფორმატში შესაბამის დონეზე იქნას წარმოდგენილი და განსაკუთრებულად გაესვას ხაზი საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2018 წელი ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოცხადდა. ნატო-ს დღეები არის ის შესანიშნავი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებთან აქტიური დიალოგის შესაძლებლობა გვეძლევა. ამ მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სხვადასხვა უწყებას აქვს დაგეგმილი მრავალი აქტივობა ქვეყნის მასშტაბით, მრავალი ღონისძიება. გაიმართება ღონისძიებები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან“, – განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგებიან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა.

აღსანიშნავია, რომ წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

წელს ნატო-ს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1-ელ მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატო-ს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.