ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი, პირველ რიგში, არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი, პირველ რიგში, არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება

საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი უსაფრთხოება. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. მისი თქმით, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

„საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ ბათუმში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. ჩვენთვის დიდი პატივია, ვისაუბროთ თქვენთან ერთად მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და ღირებულებების შესახებ, რომლებიც ჩვენ, მეგობარ ქვეყნებს გვაერთიანებს. მუდამ მზად ვართ და ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის. კიდევ ერთხელ, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და მიზანია, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს არის საქართველოს ხელისუფლების ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, გამომდინარე ხალხის ნებიდან. ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი უსაფრთხოება. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება. ვიმუშაოთ ერთად, მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საზეიმო მიღებაზე დამსწრეებს მიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. პაოლო ალიმ ასამბლეის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ვფიქრობ, რომ საქართველოს მხარდაჭერით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობასა და სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.