მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის იაპონიის, იტალიის, ნორვეგიის, მოლდოვას, ლიხტენშტეინის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

„მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად სიტყვით მიმართავს მოწვეულ აუდიტორიას.

მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.