ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელობას, კერძოდ, კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

„ხაზი გაესვა მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელია, გრძელდება და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. მინისტრმა ხაზი გაუსვა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის ეფექტიან საერთაშორისო ფორუმს, საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას, რასაც კონფერენცია ყოველთვის უწყობდა ხელს. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ანგარიში ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას.