მიხეილ ჯანელიძე - ევროპული ინტეგრაციის გზაზე 2017 წელი საქართველოსთვის წარმატებული იყო
ევროპული ინტეგრაციის გზაზე 2017 წელი საქართველოსთვის წარმატებული იყო,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ქვეყანაში გატარებული რეფორმების კუთხით. 2017 წლის წარმატებულმა რეფორმებმა და თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო მეტად ამბიციური ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიმუშავებთ საგზაო რუკაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ სამი ძირითადი მიმართულება გამოყო, რაზეც საბჭოს ფარგლებში გამახვილდება ყურადღება.
„ერთი – რა თქმა უნდა ასოცირების იმპლემენტაცია, რომელიც არის მთავარი თემა ამ საბჭოში, საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით და ამაზე იქნება მსჯელობა. ასოცირების დღის წესრიგი მიღებულია, არის დახმარების ახალი პაკეტი 2017-2020 წლისთვის. ეს შეეხება ასევე ეკონომიკურ განვითარებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ა.შ. მეორე – უფრო კონკრეტულად, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით დაისახება გეგმები და იქნება დისკუსია. ეს ძირითადად შეეხება სექტორულ მიმართულებას. მესამე საკითხი არის უსაფრთხოების საკითხი – ეს ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების თემაზე და ამაზე იქნება საუბარი. ასევე კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარების თემა და ზოგადად უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში“ – განაცხადა ნატალი საბანაძემ.
დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მისი განცხადებით ასოცირების საბჭოს ფარგლებში განხილულ იქნება ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.