მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია სუვერენული და საგარეო პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.
„ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, იყოს მეტი შესაძლებლობა რეგიონში განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი ყველა ქმედება ამისკენ არის მიმართული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრების მხრიდან საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების გააქტიურება შეინიშნება, რაც რუსეთის შეშფოთებას იწვევს.
„ვხედავთ ვაზიანის ტრანსფორმაციას საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი მეზობლების შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო უწყებამ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ რუსული მხარე შეშფოთებულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გამო.