მიხეილ ჯანელიძე ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ვიზიტით მყოფ პარლამენტის წევრებთან, ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით სტუმრობს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მზარდი საერთო ინტერესებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ერთ-ერთი აქტიური განზომილება საპარლამენტო თანამშრომლობაა.
ჯონათან ჯანოგლიმ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გამოხატული სოლიდარობისთვის, სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით.
ბრიტანელმა პარლამენტარებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ. აღნიშნეს, რომ ინტერესით ადევნებდნენ თვალს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს და დადებითად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მათი სტუმრობის მნიშვნელობას. პირადად ჯონათან ჯანოგლისა და ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობისთვის, აქტუალურ თემებსა და საკითხებზე ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით მესამე ადგილზეა და დასძინა, რომ საქართველოს ინტერესშია ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანულ მხარეს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში დამკვირვებლების მონაწილეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის აუცილებლობას.
ბრიტანელი პარლამენტარების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც.