საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს როგორც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქვეყანაში რეფორმების კუთხით არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

„ბრიტანელ პარლამენტარებს ძირითადად აინტერესებდათ, როგორია ოპოზიციის ხედვა საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან და პერსპექტივასთან მიმართებაში. მათ ძალიან კარგად ესმით კონტექსტი და იციან, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ყველამ ხაზი გავუსვით სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში.

რაც მთავარია, ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი აპირებენ და გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით გაწევრიანების გზაზე. ამ თვალსაზრისით, დიდი ბრიტანეთი ჩვენი ძალიან მყარი მეგობარია.

ჩვენ მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოსაც ექნება ასეთივე მხარდაჭერა, ოღონდ ჩვენზე, საქართველოს მთავრობაზე, ქართულ ოპოზიციაზე და პოლიტიკურ კლასზე ბევრია დამოკიდებული, რომ ეს მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრას საპარლამენტო პოზიციის მხრიდან ესწრებოდნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი,  პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი და  „რეფორმების ჯგუფის“ წევრი თეონა აქუბარდია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.