ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა
ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო.

ირაკლი კობახიძემ ჯგუფის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გამორჩეული მეგობრები გვყავს ბრიტანეთის პარლამენტში. პირველ რიგში, მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ასევე სხვა პარლამენტარებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.