მიხეილ გიორგაძე - ვფიქრობ, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის თითოეული მინისტრი ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მოიწონა შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ გაგრძელება ოთხპუნქტიანი გეგმის იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს ეფექტურ მმართველობას, ეფექტური მმართველობის გაუმჯობესებას, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა.
მიხეილ გიორგაძის თქმით, სავარაუდოდ მომავალ სხდომაზე მინისტრები, რომელთა სამინისტროებსაც სხვა უწყებები დაემატა, კონკრეტულ გეგმას წარადგენენ.
“შეთავაზებული ცვლილებები გულისხმობს გარკვეული სამინისტროების შერწყმას, რაც აუცილებლად ადმინისტრაციული მიმართულებით ხარჯებზე აისახება პოზიტიურად. მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა და გარდა ამისა, თავად მმართველობის უფრო ეფექტიანი განხორციელება. ამ დღეების განმავლობაში ხშირად ისმოდა შეკითხვები კონკრეტულ ციფრებთან, იმ დანაზოგების ნაწილში, რომელიც ადმინისტრაციული მიმართულებით გაკეთდება. თითოეული სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმას წარადგენს მთავრობაზე, რომლის შემდეგაც ეს კონკრეტული ციფრები იქნება ცნობილი. ვფიქრობ, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის თითოეული მინისტრი, სადაც მოხდა ასეთი შერწყმა, იქნება მზად იმისთვის, რომ უკვე კონკრეტული გეგმა მთავრობას წარუდგინოს“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.