საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ზოგადი განათლების შესახებ საუბარი პანდემიის პერიოდში სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დაიწყო და განაცხადა, რომ უწყებამ საერთაშორისო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნება და სასწავლო პროცესის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში წარმართვა უზრუნველყო.
„2021 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი ძირითადად ჩვეულ გარემოში – საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, სადაც მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სკოლები სრულად იცავენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში პროცესს ვმართავთ წერტილოვანი შეზღუდვებით და ამ მიდგომის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ვინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას და არ გვაქვს შიდა გავრცელების შემთხვევები.
სკოლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, ზედმიწევნით დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება. სამინისტროს წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან სკოლებში არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ მასწავლებელთა ვაქცინაციის წახალისებისთვის განხორციელებულ ნაბიჯებზეც ისაუბრა:
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და, აგრეთვე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ინტენსიური საინფორმაციო კამპანია ჩავატარეთ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, რაც ახლაც გრძელდება. შეხვედრებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან. შეხვედრების შემდეგ ბევრი მასწავლებელი ერთვება იმუნიზაციის პროცესში. ერთობლივი მუშაობის შედეგად ამ ხნის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა და ზრდას ყოველდღიურად განაგრძობს.
სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ორი დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ შვიდ დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით. აღნიშნულ პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, პანდემიის პირობებში, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმატებს შორის არჩევანის მიცემის შესაძლებლობაზე.
„მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებლებისთვის წელსაც შეთავაზებულია დამატებითი შესაძლებლობა. სურვილის შემთხვევაში მშობლები აკეთებენ არჩევანს დასწრებით სწავლასა და დისტანციური სწავლის ფორმას შორის. ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა მიერ დისტანციურ ფორმატში ჩატარებულ დამატებით საათებს სრულად ვუნაზღაურებთ.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე ისაუბრა პანდემიის დროს მოსწავლეებისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის კუთხით სამინისტროს მიერ გახორციელებულ პროექტებზე.
„მაუწყებლობას განაგრძობს სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით შექმნილი უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“. როგორც მოგეხსენებათ, გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასს და საგანს, ტარდება აბიტურიენტის საათი, გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე, საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. „ტელესკოლას“ ახლახან დაემატა გადაცემა „სამასწავლებლო“, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმასაც, რომ BBC-მ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა, მაშინ როცა ის საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დავნერგეთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, რომელმაც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სამინისტროს ძალისხმევას პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის სკოლებში უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამინისტრომ პროცესი ეფექტიანად მართვა და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.