მიხეილ ჩხენკელმა ვარშავის უნივერსიტეტის რექტორთან ქართველოლოგიის პროგრამის გაძლიერების საკითხები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა ვარშავის უნივერსიტეტის რექტორთან ქართველოლოგიის პროგრამის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, პშემისლავ ჩარნეკის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ვარშავის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალოიზი ნოვაკთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ვარშავის უნივერსიტეტისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ქართველოლოგიის პროგრამის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.

მინისტრმა ვარშავის უნივერსიტეტის რექტორს გულითადი მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს ქართველოლოგიის პროგრამის განვითარებას.

საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვარშავის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ჟურნალის – Pro-Georgia-ს არსებობის მნიშვნელობაზე, რომელიც პროფესორ დავით ყოლბაიას მიერ 1991 წელს დაარსდა და დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟურნალმა Pro-Georgia-მ საფუძველი ჩაუყარა ქართველოლოგიის პროგრამას, რაც ვარშავის უნივერსიტეტში ქართული ენის, მწერლობისა და ეკლესიის ისტორიის შესწავლას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ორგანიზებით 2002 წლიდან იმართება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს ტრადიცია კვლავაც გრძელდება და ასეთი მდიდარი ისტორიის მქონე, გამორჩეული უნივერსიტეტი ყოველწლიური მასშტაბური კონფერენციის ჩატარებით ხელს უწყობს ქართველოლოგიური მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას.

ვარშავის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი ასევე ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ყოლბაიას და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორს, იან მალიცკის შეხვდა და მათთან ერთად ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების საკითხები განიხილა. მინისტრმა პროფესორ დავით ყოლბაიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და განაცხადა, რომ სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ვარშავის უნივერსიტეტში ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ქართული საქმე კეთდება.

ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies სტატიები იბეჭდება პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ჟურნალის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით 2010 წელს დაწესდა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ლაურეატებს ჰუმანიზმის იდეის დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისია ფუნქციონირებს, რომელიც იკვლევს და აქვეყნებს წმ. გრიგოლ ფერაძის ნაშრომებს, ქადაგებებსა და დღიურებს.

გრიგოლ ფერაძე, ცნობილი ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1995 წელს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.