საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან და „იუესაიდის“ (USAID) მისიის დირექტორთან საქართველოში პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარის მიერ შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.
მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და „იუესაიდის“ წარმომადგენლებ სმადლობა გადაუხადა საქართველოში საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის გვერდით დგომა ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისთვის. მინისტრის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გააძლიერებს.
„დღეს მქონდა საინტერესო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და „იუესაიდის“ მისიის დირექტორთან, სადაც განვიხილეთ შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დეტალები. იგი მთლიანად მოხმარდება განათლების სისტემის გაუმჯობესებას. კერძოდ, პროექტის ფარგლებში მოხდება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დახვეწა. ეს კი, თავის მხრივ, გააუმჯობესებს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების უნარებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობასა და საელჩოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
„დღეს შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ბატონ მინისტრთან, სადაც ოფიციალურად გავხსენით „იუესაიდის“ ზოგადი განათლების პროგრამა. ეს არის შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სამინისტროს რეფორმას „ახალი სკოლის მოდელს“ თანხვდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ორი პროგრამა ერთობლივად ნაყოფიერად იმუშავებს და საბოლოოდ კარგ შედეგებს მივიღებთ. „იუესაიდის“ პროგრამა გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, გარდა ამისა, ითვალისწინებს მასწავლებელთა ტრენინგებს, ახალი სასწავლო რესურსების შექმნასა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სასარგებლო უნარების ჩამოყალიბებას. ჩვენი სააგენტოები „იუესაიდი“, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“, „მშვიდობის კორპუსი“ და საელჩოს სხვადასხვა პროგრამით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, რაც მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა „იუესაიდისთვის“, რადგან მინისტრთან და ქალბატონ ელჩთან ერთად აღვნიშნეთ „იუესაიდის“ ახალი შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის დაწყება, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება. პროგრამა ზოგადი განათლების მხარდაჭერას გულისხმობს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი კონკრეტული მიზეზის გამო: პირველი იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა. იგი ქართული მხარის მიერ არის ინიცირებული და მის განხორციელებას ჩვენ, ამერიკული მხარე ვუჭერთ მხარს; მეორე, პროექტი გულისხმობს განათლების სფეროს დახვეწას, მოსწავლეზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლას, მოსწავლეებში კრიტიკული, ანალიტიკური უნარების განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარებას; ასევე მნიშვნელოვანია, მესამე ფაქტორი, რომ პროექტში ჩართულია კერძო სექტორი, საერთაშორისო თუ ქართული კომპანიები. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს სამი ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის ამ პროგრამას“, – განაცხადა საქართველოში „იუესაიდის“ მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.
„იუესაიდის“ ახალი პროგრამა გულისხმობს საქართველოს საჯარო სკოლებში ინტერაქციული სწავლების ხელშეწყობას, რაც მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. ამგვარი მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში მყარ საფუძველს შექმნის ახალგაზრდების წარმატებებისთვის.
მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის ელჩსა და „იუესაიდის“ მისიის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. კერძოდ, აღნიშნა, რომ სკოლებში Minecraft Education Edition -ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. აღნიშნულმა სიახლემ სტუმრების მოწონება და დიდი ინტერესი გამოიწვია.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მსოფლიო დონის მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან სამ პროგრამაზე მიიღებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შეიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ცნობილი ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ როგორც აუდიტორიაში, ისე დისტანციურად.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრი ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონი ევროთი დააფინანსა. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთაგან ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ფულბრაიტის ახალ პროგრამებსა და ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების შესახებაც ისაუბრეს. ასევე განიხილეს, პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციისა და დისტანციური სწავლების შედეგები, ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრამები, მათ შორის, პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც პოზიტიური გამოხმაურების გამო პოსტპანდემიურ პერიოდშიც გაგრძელდება. კელი დეგნანმა დისტანციური სწავლების მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითი შეაფასა მისცა.