მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ „ტელესკოლა“ და ონლაინსწავლება არის გარანტი იმისა, რომ სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო პროექტი „ტელეკსოლა“, რომელსაც განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ონლაინსწავლება და „ტელესკოლა“ არის გარანტი იმისა, რომ სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება.
„ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად. პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობის, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ჩვენს მოსწავლეებს წვდომა ინტერნეტთან. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული სხვა ღონისძიებებიც დისტანციური სწავლების, კერძოდ ეს გახლავთ ის პროგრამები, რომლებიც სკოლების მიერ არის გამოყენებული დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში.
„მაიკროსოფტის“ პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ, ასევე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმები. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი დისტანციური სწავლების განხორციელებაში, განსაკუთრებით რა საკვირველია ყველა მასწავლებელს, რომლებიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებენ მონაწილეობას როგორც ონლაინ სწავლების ფორმატში, ასევე „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში. ყოველივე ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“,- განაცხადა ჩხენკელმა.
„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 30 მარტიდან მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებით სარგებლობის საშუალება აქვთ.