მიხეილ ბატიაშვილი - სკოლაში რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს, პირველ რიგში, ეს პედაგოგებს ეხება
მიხეილ ბატიაშვილი - სკოლაში რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს, პირველ რიგში, ეს პედაგოგებს ეხება

სკოლაში რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს თავისი უწყების მუშაობის ანგარიშს აცნობს.

მისი თქმით, ბიუროკრატიის შემცირება უპირველეს ყოვლისა პედაგოგებს ეხება.

„პირველ რიგში, ეს ეხება პედაგოგებს. პედაგოგების მიმართულებით 2019-2020 წლებში სიახლეები გვაქვს. ჩვენი ხედვით, პედაგოგებს არ უნდა უხდებოდეთ ამდენი დროის დათმობა ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვაზე, არამედ მათი დრო და მოტივაცია მიმართული უნდა იყოს ბავშვებთან და სკოლაში მუშაობაზე. ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გაზაფხულზე გადავდგამთ, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიურად ვითანამშრომლებთ, რომ შეიცვალოს დღევანდელი სქემა, რომელსაც არ მივყავართ კონკრეტულ შედეგამდე, პირიქით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რაც შეიძლება მეტ პედაგოგს მიეცეს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი უნარები და შესაბამისად დაფასებული იყოს.

„ბიუროკრატიული აპარატი აღარ უნდა იყოს მასწავლებლისთვის კარიერულ საფეხურზე დაწინაურების ბარიერი. ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩააბაროს გამოცდა ან გაიაროს შეფასება, დადასტურდეს მისი კვალიფიკაცია და დაენიშნოს შესაბამისი ანაზღაურება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, განათლების უწყება მაისში კონკრეტულ, დეტალურ გეგმას წარადგენს.

„მაისში ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების მიმართულებით, რა რეფორმა განხორციელდება თითოეული დეტალის დონეზე. ასევე ვისაუბრებთ მათი შრომის ანაზღაურებაზეც, რომლის ზრდა სექტემბრიდან დაიწყება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.