მიხეილ ბატიაშვილი - მჯერა, ჭიდაობის ფედერაციაში პრობლემები სწრაფად დასრულდება და სპორტსმენები სპორტულ გარემოს დაუბრუნდებიან
მიხეილ ბატიაშვილი - მჯერა, ჭიდაობის ფედერაციაში პრობლემები სწრაფად დასრულდება და სპორტსმენები სპორტულ გარემოს დაუბრუნდებიან

მჯერა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში პრობლემები სწრაფად დასრულდება და სპორტსმენები დაუბრუნდებიან სპორტულ გარემოს, წლევანდელი წელი ქართული სპორტისთვის განსაკუთრებულია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, ჭიდაობის ფედერაციის საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

„გამოძიების დასრულების შემდეგ სამინისტრო და ფედერაციები ერთობლივად მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ქართულ სპორტს სჭირდება მშვიდი გარემო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ სპორტს ძალიან მნიშვნელოვანი წელი ელოდება. საერთაშორისო ტურნირები, ოლიმპიადის მოსამზადებელი პერიოდი იწყება და ჩვენ ყველამ ერთად თუ არ შევქმენით მშვიდი გარემო, რთული იქნება შედეგებზე საუბარი. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება და სპორტსმენები დაუბრუნდებიან თავიანთ სპორტულ გარემოს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.  დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.  სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.