ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის მიმართ პრეტენზიები აღარ აქვს
ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის მიმართ პრეტენზიები აღარ აქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა გაგრძელდა.

დაცვის მხარემ საქმეში ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, უფლებადამცველებმა წარადგინეს დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილის ნოტარიულად დამოწმებული წერილი, სადაც, ადვოკატის განცხადებით წერია, რომ ზურა დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს.

„კაცი ჩემპიონია, მოჭიდავეა. ზურაბ დათუნაშვილს ვინ შეაშინებდა. დაფიქრდა, როგორც ჩანს, ბატონი ზურაბი და გადადგა რეალური ნაბიჯი. მორიგდნენ, ნოტარიულად დაადასტურა, რომ არავითარი პრეტენზია გეგეშიძის მიმართ არ გააჩნია“,-აღნიშნა ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა. საქმის პროკურორის, გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, ზურაბ დათუნაშვილს პრეტენზია აღარ გააჩნია ბრალდებულ თამაზ გეგეშიძის მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უარყოფილია საგამოძიებო ორგანოების მიერ მოძიებული გარემოებები. „შესაძლებელია, ეს სასამართლომ გამოიყენოს შემამსუბუქებელ გარემოებად, მაგრამ ეს სასამართლოს პრეროგატივაა და არა – ბრალდების მხარის“,- აღნიშნა პროკურორმა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მასსა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.