მიხეილ ბატიაშვილი - გრიფირების საკითხზე შიდა აუდიტის დასკვნა იქნება ძალიან გამჭვირვალე და ობიექტური
მიხეილ ბატიაშვილი - გრიფირების საკითხზე შიდა აუდიტის დასკვნა იქნება ძალიან გამჭვირვალე და ობიექტური

გრიფირების საკითხზე შიდა აუდიტის დასკვნას თვის ბოლოს ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნა იქნება ძალიან გამჭვირვალე და ობიექტური.

„გამომცემლობებიდან და ავტორებიდან წერილები შემოდის. წერილები რამდენიმე დღის წინაც მივიღეთ, ამიტომ ვფიქრობთ, რადგან აგრძელებენ კონკრეტული მასალების მოწოდებას, შესაძლებელია, რომ თვის ბოლოს წარმოვადგინოთ დასკვნა, სადაც საუბარი იქნება ყველა იმ დარღვევასა და შეცდომაზე, რომელიც ამ პროცესში იქნა დაშვებული. ყველაზე მთავარია, ეს პროცესი იმდენად გამოვასწოროთ, რომ სამომავლოდ ისეთ სასწრაფო რეჟიმში არ მოგვიწიოს მუშაობა, როგორც ახლა –  მიგვეყვანა ეს პროცესი ბოლომდე და ბავშვებს განახლებული სახელმძღვანელოები მიეღოთ. დღეს უკვე ამის საშიშროება არ დგას. 17 სექტემბერს ყველა სკოლას ექნება სახელმძღვანელოები და მოსწავლეებს დაურიგებენ“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, გრიფირების პროცესთან მიმართებით კონკრეტული პირების შეცდომის გამოკვეთისას, შესაბამისი ორგანოები სათანადო ზომებს მიიღებენ.

„რაც მთავარია, თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირების შეცდომა, წარდგენილი იქნება შესაბამის ორგანოებში ან თავად სამინისტრო მიიღებს სათანადო ზომებს. გპირდებით, რომ თვის ბოლოს ეს პროცესი დასრულდება და ყველა იმ ხარვეზს, რომელზეც საუბარი იყო, პასუხი გაეცემა. წინასწარ ვერ ვიტყვი, შესაძლოა თუ არა, გრიფირება რომელიმე სახელმძღვანელოს აღუდგეს ან თავიდან მიენიჭოს. დაველოდოთ დასკვნას, რომელშიც, როგორც უკვე ვიცი, საუბარია ბევრ ისეთ პროცესზე, რომელმაც თავისთავად შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილების გადახედვა გამოიწვიოს. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, დასკვნის შესაბამისად რაც გამოიკვეთება, ეს შეეხება გარკვეულ პიროვნებებს თუ სახელმძღვანელოებზე გადაწყვეტილების მიღებას, ჩვენი ზომები და ნაბიჯები უმკაცრესი იქნება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.