მიხეილ ბატიაშვილი - „დედა ენის“ დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში
მიხეილ ბატიაშვილი - „დედა ენის“ დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში

ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში „დედა ენის“ პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მნიშვნელოვანწილად გოგებაშვილის დამსახურებაა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის შედეგად ქართული ენის აღორძინება, ახალ თაობებში სამშობლოსა და განათლებისადმი სიყვარულის გაღვივება და ქართველი ხალხის კონსოლიდაცია.

„1925 წელს, საბჭოთა პერიოდში, გოგებაშვილისეული „დედა ენა“ ბოლოჯერ გამოიცა. მას შემდეგ დედაენის ახალი რედაქციები, შესრულებული თავად გოგებაშვილის მეთოდისა და პრინციპების უგულვებელყოფით, ავტორიტარულმა ხელისუფლებამ ინდოქტრინაციის მანქანის ნაწილად აქცია და რეჟიმის სამსახურში ჩააყენა. სამწუხაროდ, მრავალ მიზეზთა გამო, ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის გაგრძელება დიდხანს ვერც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოხერხდა. მხოლოდ 2013 წელს ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ძეგლი მნიშვნელოვანი ნაწილია იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარებული ნომინაციისა „ქართული ანბანის სამი ცოცხალი კულტურა“. ეს სტატუსი ქართულ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ზრუნვას ავალებს ცოცხალი ტრადიციის დაცვასა და განვითარებაზე.

„დედა ენის“ სკოლებში დაბრუნება, მისი ქცევა იმ ფუნდამენტად, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობების ცნობიერება უნდა დაეფუძნოს, სწორედ ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია. იმიტომ, რომ „დედა ენა“ არ არის უბრალოდ სახელმძღვანელო. ესაა წიგნი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაშიც კი ცოტა თუ მოიძებნება იმ წვლილით, რაც მან ქვეყნის განვითარებაში შეიტანა. მაგრამ, რაც მთავარია, „დედა ენა“ თვისი არსით არაა მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორიული ეპოქის კუთვნილება.

რასაკვირველია, ჩვენს დროში მშობლიური ენის სახელმძღვანელო ახალი მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. თავად გოგებაშვილი ბრძანებდა – „დედა-ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალ დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციებში და დღეს, პირველად ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში, ამ პრინციპთა სრული დაცვით, ჩვენ ხელთ გვაქვს წიგნი, რომლიც ღირსეულად აგრძელებს იაკობის დაწყებულ გზას. ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული დედა-ენა დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება ჩვენს სკოლებში.

გენიალური „აი ია“-ს, გოგებაშვილს სხვა მიგნებათა უდიდესი ძალის წყალობით ჩვენი ბავშვები კვლავ იოლად, ხალისითა და შემეცნების სიხარულით დაეუფლებიან წერა-კითხვას, პირველ ნაბიჯებს გადადგამენ გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში, ისწავლიან სამშობლოს სიყვარულს და საფუძველს ჩაუყრიან კარგ მოქალაქეობას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ დედა-ენის დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში“ – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა ახალი „დედა ენის“ შემუშავება განსაკუთრებით მიულოცა მომავალ თაობებს და მადლობა გადაუხადა სამუშაო პროცესში ჩართულ პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლებს, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრებს, ლიტერატურის მცოდნეებს, მხატვრებს, ტექნიკურ პერსონალს და რაც მთავარია – სახელოვან მეცნიერებს, „დედა ენის“ სარედაქციო სამუშაო ჯგუფის წევრებს, მათ ვინც, მთელი შეგნებული ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა მიუძღვნეს ამ დიდ საქმეს.