მიხეილ ბატიაშვილი - არ გვჯერა იმ განათლების, რომელიც არ არის მიბმული როგორც ეკონომიკურ მოთხოვნილებაზე, ისე პრაქტიკულ გამოცდილებაზე
მიხეილ ბატიაშვილი - არ გვჯერა იმ განათლების, რომელიც არ არის მიბმული როგორც ეკონომიკურ მოთხოვნილებაზე, ისე პრაქტიკულ გამოცდილებაზე

ალოგიკური სიტუაცია გვაქვს, გვყავს უამრავი სტუდენტი, რომლებიც ამთავრებენ სხვადასხვა მიმართულებას და მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე, რომლებზეც ძალიან რთულია, იპოვო კვალიფიციური კადრი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„აბსოლუტური სიმართლეა ის, რომ თუ გვინდა ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის განვითარება, ეს სწორედ განათლებაზე დგას. იმიტომ, რომ მართლაც, ერთი მხრივ, ალოგიკური სიტუაცია გვაქვს, გვყავს უამრავი სტუდენტი, რომლებიც ამთავრებენ სხვადასხვა მიმართულებას და მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე, რომელზეც რეალურად ძალიან რთულია, იპოვო კვალიფიციური კადრი, აღარ ვსაუბრობ, მით უმეტეს, რამდენად რთულია ეს რეგიონებში. სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლებზეც გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, რაც დავიწყეთ, იყო პროფესიების იდენტიფიცირება და რაც ყველაზე მთავარია, რეგიონულ ჭრილში, ანუ რა საჭიროებები არსებობს კონკრეტული პროფესიების მიმართულებით. მაგალითად, მეცხოველეობის დარგში გვჭირდება 2 000-ზე მეტი სპეციალისტი დღესვე, რომლებიც იქნებიან ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კადრები, მაგრამ დღეს გვყავს ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობა, რომელთაც რეგიონებშიც შეუძლიათ ამ მომსახურების გაწევა და გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, მეორე და მნიშვნელოვანი ნაწილი, კომპონენტი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია განათლების განვითარება, არის კერძო სექტორთან თანამშრომლობა.

„ამიტომ, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ კერძო სექტორის ჩართულობა, მით უმეტეს, როდესაც პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზეა საუბარი. კერძო სექტორს მივეცით შესაძლებლობა, გადამზადების პროგრამების მონაწილე გახდეს. ეს გადამზადების პროგრამები დაწყებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად საჭიროებები დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, მესამე ეტაპი, რაც ახლა იწყება, ყველა რეგიონში ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობას გულისხმობს.

„თუ არ გვექნა ასეთი საგანმანათლებლო ბაზები, სადაც მოხდება როგორც პროფესიული სწავლებები, ისე გადამზადების პროგრამები რეგიონულ საჭიროებებზე მორგებული, ძალიან რთულია, რეგიონიდან რეგიონში მიგრაცია იგივე განათლების მიღების კუთხით. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მალე ფაქტობრივად ყველა რეგიონს დავფარავთ. ორი წლის განმავლობაში ყველგან იქნება პროფესიული სასწავლებელი წარმოდგენილი.
ჩვენ არ გვჯერა იმ განათლების, რომელიც არ არის როგორც ეკონომიკურ მოთხოვნილებაზე მიბმული, ისე პრაქტიკულ გამოცდილებაზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.