მიხაილ პოდოლიაკი - ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას
რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას თვალს ვადევნებთ, – ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებები.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტების დესტაბილიზაცია.
„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტების დესტაბილიზაცია და გააძლიერა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში მარცხის შემდგომ გაჩნდა. დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, თვალს ვადევნებთ სამოქალაქო ომის დაწყებას. პრიგოჟინის ჯგუფი იკავებს სამხედრო ობიექტებს, შტაბებს და მთელ ქალაქებს, რა დროსაც მას გზაზე თითქმის არ ხვდება წინააღმდეგობა, ის განაიარაღებს სამხედროებს და პოლიციელებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და უკანონოდ აცხადებს და აანონსებს სპეცსამსახურებისადმი შესაბამის ბრძანებებს, თუმცა არაფერი ხდება – მართვის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა. ამავე დროს, „ვაგნერი“ განაგრძობს თავის მარშს მოსკოვზე. უკრაინა განაგრძობს თავისი გზით სვლას. 1991 წლის საზღვრებამდე“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს. სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის რეაგირება მკაცრი იქნება. პუტინის თქმით, „ყველას, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ამზადებდა შეიარაღებულ ამბოხს, იყენებს შანტაჟს და ტერორისტულ მეთოდებს, გარდაუვალი სასჯელი დაეკისრება, პასუხს აგებს კანონისა და ჩვენი ხალხის წინაშე“.