მიხაელ ზიბერტი - ბოლო ათი დღის განმავლობაში ვნახე ბევრი ვიდეო, სადაც ევროპული დროშა მამაცურ ვითარებაში ფრიალებდა, ეს არის სურათი, რომელიც ჩემს მეხსიერებაშია
სასიამოვნო სურათი არ არის, თუმცა, ჩვენი შეხედულებით, ცალკეული ინციდენტია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას გამოეხმაურა.
„პირადად მე ბოლო კვირის, ბოლო ათი დღის განმავლობაში ვნახე ბევრი ვიდეო, სადაც ევროპული დროშა ძალიან მამაცურ ვითარებაში ფრიალებდა, ნანახი მაქვს, როგორ აფრიალებდა ქალი დროშას წყლის ჭავლის წინააღმდეგ, ეს არის სურათი, რომელიც ჩემს მეხსიერებაშია“, – აღნიშნავს მიხაელ ზიბერტი.
პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.