პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შსს-მ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შსს-მ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა

14 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის შესაბამისად დაჯარიმდნენ, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას ან სხვა სახელმწიფოს დროშის, გერბის შებღალვას გულისხმობს და ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლო ადმინისტრაციულ დარღვევასთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

14 მარტს „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, ხოლო მის ადგილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს დროშის აღმართვა.