მგზავრები აცხადებენ, რომ ავტოსადგურ „ოკრიბადან" მოძრავმა სამარშრუტო ტაქსებმა მგზავრობა გააძვირეს
ავტოსადგურ „ოკრიბაში” მისული მგზავრები აცხადებენ, რომ წინასააღდგომოდ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავმა სამარშრუტო ტაქსებმა მგზავრობა გააძვირეს. მათი ინფორმაციით, მაგალითად, ზუგდიდისა და ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება დაახლოებით ხუთი ლარით არის გაზრდილი.
ამასთან, მოქალაქეები ტრანსპორტს უკვე რამდენიმე საათია, ელოდებიან. მათი თქმით, დღის გამავლობაში მგზავრთა დიდი ნაკადი იყო და ამიტომ მათი გადანაწილება ვერ მოხერხდა.
ბრალდებებს უარყოფენ სადგურის ადმინისტრაციაში. მათი თქმით, ფასები არ მომატებულა და მგზავრთა ნაკადისთვის შეფერხებაც არ არის.
მძღოლების ნაწილი ბრალდებებს უარყოფს. მათი თქმით, რეისს იმავე ფასში ასრულებენ, რაც აქამდე იყო. მძღოლების მეორე ნაწილი კი, მგზავრობის საფასურის გაზრდას ადასტურებს და აღნიშნულს საწვავის გაძვირებას უკავშირებს.
როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში სადგურში მგზავრების რიგი იყო. ამ დროისთვის მგზავრთა ნაკადი შედარებით შემცირებულია.