სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - 2023 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - 2023 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 013 995 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

სააგენტოს ცნობით, 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.

გასულ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 052 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს (ზრდა 0.05%-ს შეადგენს).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 671 198 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წელთან შედარებით 110%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი ქუთაისის აეროპორტის 91%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 621 514 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წელთან შედარებით 0.75%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99.58%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია, 2023 წლის დაჯამებული მონაცემებით, 10 217 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია ვიდრე 2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 18%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 225 მგზავრი მიიღო, რაც 16%-ით ჩამორჩება 2022 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობას და 13%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 65%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელთან მიმართებაში კლება 16%-ს შეადგენს. აეროპორტი 14 789 მგზავრს მოემსახურა.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 26 290 რეისი განხორციელდა. აქედან, რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 280-ს, ხოლო ჩარტერების – 5 010-ს. 2022 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში შესრულებული ფრენების ზრდის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს.