მევლუდ მელაძე - ნასვამი მძღოლის საჭესთან ჯდომა გაცილებით მკაცრად უნდა ისჯებოდეს
კარგი იქნება, თუ ერთი ეკიპაჟი პერიოდულად ივლის და საგზაო ინფრასტრუქტურას გადაამოწმებს, რაც ხშირად პრობლემას ქმნის, – ამის შესახებ საავტომობილო ფერედაციის ვიცე-პრეზიდენტმა და პროფესიონალმა მრბოლელმა, მევლუდ მელაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან კარგია, რომ თქვენს გადაცემაში სანქციებთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გაიჟღერა, რაც ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება. ვფიქრობ შსს–მ უფრო მეტად უნდა იაქტიუროს და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს“, – განაცხადა მელაძემ.
როგორც მევლუდ მელაძემ აღნიშნა, სიახლეების შესახებ ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებაში სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
„ჩვენ ისეთი ერი ვართ, ვისაც ერთმანეთთან კომუნიკაცია კარგად შეგვიძლია. სამეზობლო რომ ერთმანეთში იჭორავებს და ინფორმაციას გაიგებს, ის ერი ვართ და შესაბამისად, ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ინფორმაცია მაინც ცოტაა. მაგალითად, მძღოლებმა სულ ახლახანს გაიგეს, რომ სექციური რადარები არსებობს, რაც წლის ბოლოსკენ ეფექტს აუცილებლად მოიტანს. მძღოლები და მათი მეგობრები, ვისაც ასეთი ჯარიმის გადახდა მოუწია, სიჩქარეს აუცილებლად შეანელებენ, რადგან იციან, რომ კონკრეტულ მონაკვეთებზე ჭკვიანი კამერები არსებობს, მაგრამ შეიძლებოდა, ისინი მანამდე ყოფილიყვნენ ინფორმირებული და ეს ყველაფერი უფრო სწრაფად მომხდარიყო“, – განაცხადა მელაძემ.
მევლუდ მელაძის თქმით, ნასვამი მძღოლის საჭესთან ჯდომა გაცილებით უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან საგზაო შემთხვევებისას, სიკვდილიანობა ხშირად ორ ძირითად შემთხვევაში დგება, როცა მძღოლი ნასვამია და როცა სიჩქარის გადაჭარბება ხდება“, – განაცხადა მელაძემ.
პროფესიონალმა მრბოლელმა ასევე თქვა, რომ ახალი რეგულაციით პოლიცია მოქალაქეს შსს–ს ვებგვერდის პერიოდულად გადამოწმებას ავალდებულებს, რათა მან ნახოს, მის სახელზე არის თუ არა გამოქვეყნებული ფოტო–ვიდეო ჯარიმა, რადგან მას ამით 30–დღიანი ათვლა ეწყება და ეს საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
„შესაძლოა, ადამიანი რაღაც დარღვევის შემდეგ ქვეყნიდან გავიდეს, აქ არ იმყოფებოდეს, დაბრუნდეს და აღმოაჩინოს, რომ უკვე სანქციები დაეკისრა“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.