დავით მჭედლიშვილი საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტია
დავით მჭედლიშვილი საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტია

დავით მჭედლიშვილი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ყრილობა, რომლის დღის წესრიგში პრეზიდენტის და მმართველი გუნდის არჩევნები იყო, დღეს გაიმართა.

არჩევნებში მხოლოდ პრეზიდენტობის ორი კანდიდატი მონაწილეობდა: მოქმედი პრეზიდენტი შოთა აფხაზავა და მოქმედი პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით მჭედლიშვილი.

შოთა აფხაზავას მიერ პირველი ვიცე-პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებად წარდგენილებმა, ვახტანგ სულაძემ და ზურაბ ბეჟაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მაგრამ სულაძე გამგეობის წევრობის არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.

ყრილობაზე აფხაზავამ შეთქმულება ახსენა, რასაც მისი მეტოქე ბანაკიდან რეაქცია მოჰყვა.

„ვამჩნევ, რომ ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებაა. მე მიღალატეს. ბევრს სურდა არჩევნებში დელეგატად მონაწილეობა, მაგრამ მათ დელეგატობაზე უარი უთხრეს“, – ამბობს შოთა აფხაზავა.

მისი გამოსვლის დროს თბილისის საკრებულოს წევრმა, საგზაო მოძრაობის ექსპერტმა შალვა ოგბაიძემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, მიზეზები კი პირველ არხთან განმარტა – „ყრილობა საქართველოში იმართება, ქართული ორგანიზაციის პრეზიდენტს ვირჩევთ, აფხაზავა კი რუსულად ლაპარაკობს. ეს ხალხის უპატივცემულობა იყო და დარბაზი ამიტომ დავტოვე“.

აფხაზავას დავით მჭედლიშვილმა უპასუხა – „რა შუაშია ღალატი და გაცემა? მუდმივი პრეზიდენტი არ არსებობს. გუშინ შენ რომ იყავი, დღეს მეორედ აირჩევენ, ხვალ კი პრეზიდენტი მესამე იქნება. რაც შეეხება დელეგატების დაბლოკვას, მანდატს ფიზიკურ პირებზე ვერ გავცემდით. საერთოდაც, დღეს ყველაზე კანონდაცული არჩევნები იმართება“.

მევლუდ მელაძე – „ჩემ დროს, რუსთავის ავტოდრომზე კვირაში ერთ დღეს სპორტსმენებს უფასდო ვუშვებთ და ეს ნორმალურია. აფხაზავასთან დავა იმაზე მქონდა, რომ არ შეიძლება ყველაფერი კომერციული იყოს. ამას ავტოსპორტის განვითარებისთვის ვაკეთებდი. საერთოდაც, აფხაზავამ მოახერა და საბოლოოდ გაემიჯნა ყველა ის ადამიანი, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა“.

ყრილობაზე 94 დელეგატიდან რეგისტრაცია 89-მ გაიარა და საბოლოოდ, პრეზიდენტად დავით მჭედლიშილი აირჩიეს, რომელსაც ხმა 63-მა დელეგატმა დაუჭერდა, ხოლო შოთა აფხაზავას – მხოლოდ 23-მა.

ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ანუკა ნაკაშიძემ პირველ არხთან კომენტარში იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრეზიდენტი ქალთა სპორტს ყურადღებას მიაქცევს – „ქალთა საავტომობილო ფედერაცია არჩევნებში პირველად მონაწილეობდა. ვულოცავ დავით მჭედლიშვილს არჩევას და იმედი მაქვს, რომ ის ამ სახეობას განავითარებს და ქალთა საავტომობილო სპორტს დიდ ყურადღებას მიაქცევს. ქართველ გოგონებს პირობებს თუ შეუქმნიან, დარწმუნებული ვარ, ქვეყანას ბევრი წარმატებით გაახარებენ“.

პირველ არხთან კომენტარი პრეზიდენტად არჩეულმა დავით მჭედლიშვილმაც გააკეთა – „გასაკეთებელი ძალიან ბევრია – არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს. ჩვენი პრიორიტეტი რეგიონებში სარბოლო ინფრასტრუქტურისა და ბაზების რეგიონებში მოწყობაა. ზუგდიდში საამისოდ 32 ჰა გამოყოფილია. ასევე მოხდა თელავში. ეს საშუალებას მოგვცემს, ქუჩების რბოლები მინიმუმამდე დავიყვანოთ“.