ჩოგბურთი | საბა ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო და კარიერაში მე-14 ტიტულს დაეუფლა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გამართული ITF-ის M15 კატეგორიის ტურნირი მოიგო.
შეჯიბრების ფინალში მესამე ნომრად განთესილმა ქართველმა მსოფლიოს რეიტინგის 618-ე ნომერი, რუსი ანტონ არჟანკინი ორ სეტში – 7:5, 7:6 (7:2) დაამარცხა.
ფურცელაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში 16 ეისი შეასრულა, მისმა მეტოქემ კი – რვა.
ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხ იან ჰრაზდილს, სამხრეთაფრიკელ კონორ დოიგს, პოლონელ ფრიდერიკ ლეჩნო-ვასიუტინსკისა და უკრაინელ ვოლოდიმირ იაკუბენკოს მოუგო.
საბა ფურცელაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში – მესამე, პროფესიონალურ კარიერაში კი მე-14 ტიტულია. საინტერესოა, რომ ქართველ ჩოგბურთელს 14 ტიტულიდან 13 სწორედ ეგვიპტეში აქვს მოპოვებული.