მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება – პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას თბილისის ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე გამართავს. მისი მეტოქე პორტუგალია იქნება. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ისტორიული პარალელი
2014 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში მესამედ მოიპოვა ევრობასკეტის საგზური. ეს 27 აგვისტოს მოხდა, როდესაც „ჯვაროსნებმა“ პორტუგალია დაამარცხეს – 71:59. თუმცა ეს ის შემთხვევა არ იყო, როდესაც გულშემატკივარმა ევროპაზე გასვლით თამაშის მოგებისთანავე გაიხარა. საქმე ის არის, რომ ქომაგი იმავე საღამოს გასამართი სხვა მატჩის შედეგს ელოდა, რომელიც საბოლოოდ ისე დასრულდა, როგორც ქართველებს გვსურდა და, როგორც მოგახსენეთ, საქართველომ ევრობასკეტის საგზური მოიპოვა.
ისტორიული პარალელი: 2026 წლის 29 ნოემბერს საქართველო კვლავ პორტუგალიას მასპინძლობს, კვლავ ახლოსაა ფინალურ ეტაპზე გასვლასთან და მოგების შემთხვევაში კვლავ სხვა მატჩების შედეგებს უნდა დაველოდოთ. სხვაობა ის არის, რომ 2014 წელს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს უახლოვდება.
საქართველო
საბერძნეთთან ოვერტაიმში გამარჯვების (92:88) შემდეგ საქართველოს ნაკრების ექიმებს ბევრი საქმე ჰქონდათ. ხელი იტკინა თორნიკე შენგელიამ, კოჭი დაიზიანა რატი ანდრონიკაშვილმა… მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკჩმა საბერძნეთშივე აღნიშნა: ძალიან ძლიერი ექიმები გვყავს და იმედი მაქვს, კიდევ ერთ ჯადოქრობას მოახდენენო.
მწვრთნელმა პორტუგალიის ნაკრებთან მატჩზე მოკლედ ისაუბრა:
„პორტუგალია ის გუნდია, რომელმაც საბერძნეთს მოუგო. ამით ყველაფერია ნათქვამი.
აგვისტოშიც დავინახეთ, რაოდენ რთულია პორტუგალიის დამარცხება. საბერძნეთისგან განსხვავებული ტაქტიკით თამაშობს და თბილისურ მატჩშიც სხვა სცენარი იქნება“.
ალექსანდრ ჯიკიჩმა პორტუგალიასთანაც ის თორმეტეული შეარჩია, რაც საბერძნეთთან ჰყავდა:

პორტუგალია
პორტუგალიის ნაკრებს ამ შესარჩევზე დამარცხებული ჰყავს ესპანეთი, უკრაინა და საბერძნეთი… 26 ნოემბერს უკრაინას აჯობა, რაც ნათლად გვიჩვენებს, რომ ურიგო გუნდი არ არის.
„საქართველოს ნაკრებითან მატჩისთვის მზადებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართველი კალათბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობას და სამწამიან ზონაში მათ დომინაციას. ფარქვეშ თორნიკე შენგელიას შეჩერება ძალიან რთული საქმეა, თუმცა ამისთვის ვემზადებით.
საქართველოსთან წარმატების მისაღწევად პორტუგალიას დაცვაში იდეალური თამაში, მაღალი ტემპის შენარჩუნება და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა დასჭირდება, რადგან ქართველები მეტოქის ნებისმიერ უზუსტობას სათანადოდ პასუხობენ“.
სატურნირო მდგომარეობა
მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე საქართველოს, უკრაინასა და ესპანეთს 6-6 მოგება აქვთ. ხუთი გამარჯვებით ჯგუფში მეოთხე ადგილს პორტუგალია იკავებს. ეს გუნდი დღეს საქართველოს ეთამაშება. თუ „ჯვაროსნები“ მოიგებენ, პორტუგალიას ორი მოგებით გაასწრებენ და მეტოქე ვერც ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგით გაგვითანაბრდება (პირველი მატჩი საქართველოს აქვს მოგებული). ფინალურ ეტაპზე სამი საუკეთესო გადის.
საბერძნეთს ოთხი მოგება აქვს და 29-ში ესპანეთს ეთამაშება. წაგების შემთხვევაში ელინები პრაქტიკულად დაკარგავენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს. ასევე ოთხმოგებიანი მონტენეგრო უკრაინას სტუმრად დაუპირისპირდება და თუ მანაც წააგო, ისიც ეთიშება მსოფლიოს საგზურისთვის ბრძოლას.
მოკლედ, დღევანდელ ტურში საქართველომ, ესპანეთმა და უკრაინამ რომ მოიგონ, სამივე მათგანი მუნდიალისთვის მზადებას უნდა შეუდგეს. თუმცა არის ერთი ნიუანსი: პორტუგალიას საქართველოსთან წაგების შემთხვევაში 5 მოგება დარჩება, თებერვლის ფანჯარაში კი ეთამაშება უკრაინასა და ესპანეთს, რომლებთანაც პირველი მატჩები მოგებული აქვს. ასე რომ, არის თეორიული ალბათობა, ორივე მოიგოს, და თუ ზემოთ ჩამოთვლილი გუნდებიდან ერთი, პლუს საქართველო ორივე მატჩში დამარცხდება, სამ გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდება და დაითვლება ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული მოგებები, შემდეგ – ჩაგდებულ-მიღებული ქულების სხვაობა. ასეთ შემთხვევაში საქართველომ დღესვე რომ გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში საჭიროა, პორტუგალიის 25 ქულით და მეტით დამარცხება, პარალელურად კი ესპანეთისა და უკრაინის გამარჯვება.
ურთიერთშეხვედრები
პორტუგალიის ნაკრებს „ჯვაროსნები“ ექვსჯერ შეხვედრიან. ხუთი მოგება ჩვენი გუნდის მხარესაა, ერთადერთი წაგება პირველ მატჩზე მოდის, რომელიც 90-იან წლებში გაიმართა.
ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2014 წელს შედგა. პორტუგალიელებმა საშინაო შეხვედრა მაღალ დონეზე დაიწყეს და 23 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება შეძლო და ოვერტაიმში 91:90 გაიმარჯვა. ზაზა ფაჩულიამ 25 ქულა ჩააგდო, თორნიკე შენგელიამ – 20.
31 აგვისტო, 2026 პორტუგალია 90:98 საქართველო
27 აგვისტო, 2014 საქართველო 71:59 პორტუგალია
17 აგვისტო, 2014 პორტუგალია 90:91 საქართველო
26 აგვისტო, 2010 პორტუგალია 57:80 საქართველო
11 აგვისტო, 2010 საქართველო 73:57 პორტუგალია
22 მაისი, 1999 პორტუგალია 65:75 საქართველო